13.12.2024 | 05:34
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ირმა ინაშვილი: "თუ ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ გარშემო ყველას გაებუტოს და ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს, ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათო იქნება"

ასე ეხმაურება "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს. "დღეს რაც ხდება და რასაც ჩვენ ვაკვირდებით, "ქართული ოცნება" გვეუბნება, რომ ყველაფერი, ქვეყანაში რაც არის, მისია, მათ შორის, მთლიანი პოლიტიკური ველი. ეს ყველაფერი არ არის სწორი, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა სულ სხვაგვარად უნდა იყოს მოწყობილი.

რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ჰქონდეს საშუალება, მისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსიროს. ყველას აქვს უფლება, შექმნას პოლიტიკური პარტია, შემოვიდეს პოლიტიკურ ველზე, გაავრცელოს მისი პროგრამა, მისი შეხედულებები და შემდეგ საზოგადოებამ გააკეთოს არჩევანი, ვის შეხედულებებს გაიზიარებს და ვისას - არა.

ჩვენ ვხედავთ, რაც ხდება საზოგადოებაში და რაც ხდება პოლიტიკურ ელიტაში. მტრული დამოკიდებულება, აგრესია - ეს არის ის, რაც ახლა ხდება. ეს ყველაფერი გამოძახილია იმ ყველაფრისა, რაც მთლიანად საზოგადოებაში ხდება. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება ქმნის კლიმატს ქვეყანაში და სწორედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ იყოს ჯანსაღი და ადეკვატური განწყობა როგორც პოლიტიკურ სპექტრში, ისე საზოგადოებაში. მსოფლიოში არის გლობალური და მასშტაბური თემები და ჩვენი ქვეყანა ეპიცენტრშია. ყველა ამ ახალ გამოწვევას საქართველომ, პირველ რიგში, სიმშვიდით, გონიერებით და ადეკვატურობით უნდა უპასუხოს. მე არ მიმაჩნია, რომ ადეკვატურობა მდგომარეობს იმაში, თუ მტრად გადაიკიდებ მთელ ევროპარლამენტს, ევროკომისიას და ევროსაბჭოს. შენ რომ ხელისუფლება ხარ, ყოველდღე არ უნდა იმეორებდე იმას, რომ ევროპარლამენტში არის კორუფცია, არიან კორუმპირებული დეპუტატები, რომ ისინი არიან მოსყიდულები და ყველაფერი, რაც ხდება, ლობიზმის შედეგია.

ლობიზმი პოლიტიკური ინსტრუმენტი და პოლიტიკური კულტურის გამოხატულებაა. "ქართულ ოცნებას" შეუძლია, რომ ლობიზმი სწორედ სიმართლისთვის გამოიყენოს. თუ ხელისუფლება მზად არის იმისთვის, რომ გარშემო ყველას გაებუტოს და ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს, ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან სახიფათო იქნება. საჭიროა მუშაობა ევროდეპუტაციასთან, ყველასთან სათითაოდ არის მუშაობა საჭირო. თითქმის თანაბრად ნაწილდება ყველა მათგანის პოზიციები და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მიდის რუსეთისკენ, დემოკრატიას ემუქრება საფრთხე, რომ ივანიშვილი არის საფრთხის შემცველი ფაქტორი ქვეყნისთვის და ამ ყველაფრის ცვლილება უნდა მოხდეს. უკვე ღიად მიდის საუბარი "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორებაზე და თუ ხელისუფლება ჩაკეტილ კარში ყოფნას და მხოლოდ საკუთარი სიმართლის ტირაჟირებას გააგრძელებს, ყველაფერი შეიძლება მოხდეს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის გადაცემები