13.12.2024 | 08:54
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ქვეყანაში ფარული ჩანაწერებით შანტაჟი გრძელდება [ვიდეო]

ქვეყანაში ფარული ჩანაწერებით    შანტაჟი ისევ გრძელდება. მოჯადოებულ წრეზე   საქართველო უკვე წლებია  ბრუნავს  და გამოსავალიც არსად ჩანს. "ქართული ოცნების"  ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე მმართველმა პარტიამ  ათიათასობით    ფარული ვიდეო თუ  აუდიოჩანაწერი  გაანადგურა, თუმცა  მათი  მმართველობის მეცხრე წელს ფარული მიყურადღება და აუდიოჩანაწერებით შანტაჟი ისევ  აქტუალურ  პრობლემად რჩება.  ბოლო ორ დღეში მედია სივრცე ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის  ფარულმა აუდიოჩანაწერმა მოიცვა.  იმის მაგიერ, რომ "ქართულ ოცნებას"  ამ საკითხზე  რეალობასთან ადეკვატური    პოზიცია  ჰქონოდა   ისინი  ჩანაწერების  ფაბრიკაციაზე   ალაპარაკდნენ.  გარდა ამისა მმართველი პარტიის  წარმოამდგენლები პროკურატურის გვერდის ავლით ამტკიცებენ, რომ  საკითხზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს. რადგან ამის საფუძველი არ არსებობს.

მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს აბსურდულს უწოდებენ "პატრიოტთა ალიანსში". პარტიის ერთ ერთი ლიდერი ამბობს, რომ ჩანაწერებში  ირაკლი ღარიბაშვილის  გამოჩენა მხოლოდ მის  პოლიტიკურ   გემოვნებას  უკავშირდება.  გიორგი ლომიას აზრით,   მოქმედი პრემიერ მინისტრის   რეპუტაციის შელახვა  "ნაციონალურ მოძრაობას" იმიტომ აწყობს, რომ ღარიბაშვილი ერთ-ერთი  პოლიტიკოსია, რომელიც სააკაშვილ-ბოკერიას დაჯგუფებას  უკვე წლებია ღიად ებრძვის. რაც შეეხება  საქმეზე გამოძიების დაწყებას, გიორგი ლომიას აზრით,  ამ საქმეზე გამოძიებას პროკურატურა იმიტომ არ იწყებს, რომ წარსულში მსგავსი ჩანაწერების საქმეზე გამოძიება არასდროს წარმართულა და ეს არც ახლა მოხდება.

  სისტემურ პრობლემაზე საუბრობენ  ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციაშიც.  საიას თავმჯდომარე ამბობს, რომ   ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომმა და გამოუძიებელმა საქმეებმა  საკითხის წინ წამოწევას ხელი კიდევ ერთხელ შეუწყო.  გარდა ამისა ნიკოლოზ სიმონიშვილის აზრით,   არც წინა და არც მოქმედი ხელისუფლების წარმოამდგენლებს არ  აქვთ  იმის პოლიტიკური ნება, რომ  ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების  უფლება ისეთ  ორგანოს გადასცენ, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალური იქნება. რაც შეეხება ბოლოს გავრცელებულ ჩანაწერებს, მესამე სექტორის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ  კითხვებს,  რომელიც საზოგადოებაში არსებობს   პროკურატურამ  უნდა გასცეს პასუხი.

დღის გადაცემები