13.12.2024 | 02:35
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
თამარ ჩიბურდანიძე: "ამერიკის წინააღმდეგ ჩინეთის, ისრაელისა და დღეს უკვე თურქეთის ღია განცხადებები დასავლეთის პოლიტიკის სრულ კრახზე მიუთითებს"

"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გლობალურ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსოფლიო პოლიტიკაში, დასავლეთის წინააღმდეგ ჩინეთის, ისრაელისა და თურქეთის ღია განცხადებების სახით უპრეცედენტო ფაქტები ხდება.

"ისრაელის სახელმწიფოს დაარსებიდან დღემდე, მსოფლიოს არ ახსოვს ისეთი ხისტი ღია განცხადებები ამერიკის წინააღმდეგ, რაც გუშინ მოვისმინეთ.

ჩინეთის ლიდერ სახელმწიფოდ ასეთ სწრაფ გადაადგილებასა და მათდამი დაპირისპირებას თავად ამერიკაც კი არ ელოდა.

დღეს უკვე ნატო-ს წევრი სახელმწიფო თურქეთი მიმართავს დასავლეთს, რომ არ დაუშვებს თურქეთის ომში ჩართვას და რუსეთთან დაპირისპირებას.

რა ხდება მსოფლიოში და უკრაინის ომის ველზე?
ხდება უპრეცედენტო ფაქტები გლობალურ პოლიტიკაში. წამყვანი სახელმწიფოების ღია დაპირისპირება დასავლეთთან აძლიერებს რუსეთის პოზიციებს და აახლოებს უკრაინის ომს ფინალთან. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ომის შედეგი ვერ იქნება უკრაინის სასარგებლოდ. ამას უკვე აანალიზებს თავად ზელენსკიც და, რაც მთავარია, აანალიზებს ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. ეს ცუდია, რადგან ამით ძლიერდება რუსეთი და, ბუნებრივია, ძლიერდება მისი დამპყრობლური პოლიტიკაც.
თუ გავითვალისწინებთ ამერიკაში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და დემოკრატების შელახულ პოლიტიკურ იმიჯს უსუსტესი და მცდარი პოლიტიკის წარმოების გამო, უნდა ველოდოთ უსწრაფეს რადიკალურ ცვლილებებს. ცვლილებებს ველით არა მარტო რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში, სადაც რუსეთის ირგვლივ მძიმეწონიანი ქვეყნები განლაგდნენ, ცვლილებებს ველით თავად ევროკავშირშიც, სადაც ასევე მოახლოებულია საპარლამენტო არჩევნები.

ბუნებრივია, ამ რეალობის ფონზე, დღეს არსებული ევროკავშირის პოლიტიკური ელიტა სრულად შეიცვლება და შეიცვლება მათი პოლიტიკაც.

რა ხდება საქართველოში ამ პროცესების ფონზე და რა ელის ქართულ ოპოზიციას?
ქართულ ოპოზიციას ელის ის, რა შედეგიც დაუდგებათ მის მხარდამჭერ, დასავლეთის დღევანდელ პოლიტიკურ მმართველებს. ბუნებრივია, ისინი ამას კარგად ათვითცნობიერებენ და ამიტომ ჩქარობენ. სურთ, დაასწრონ მოვლენებს და მიაღწიონ მათთვის სანატრელ არეულობას ქვეყანაში. გარდა იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას არ დაუშვებს, ეს უკვე შეუძლებელი ხდება თუნდაც მსოფლიოში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის ფონზე.

ამერიკასა და ევროპის სახელმწიფოებს საკუთარი პრობლემები აქვთ ქვეყნის შიგნით. მათთვის ორივე ფრონტზე ბრძოლა – ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ – წამგებიანია. ეს ასუსტებს და ანგრევს თავად მათ.
ფაქტია, ჩინეთის, ისრაელისა და დღეს უკვე თურქეთის ღია განცხადებები ამერიკის წინააღმდეგ დასავლეთის პოლიტიკის სრულ კრახზე მიუთითებს", – აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.

დღის გადაცემები