13.12.2024 | 02:37
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
პრეზიდენტი: "მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ ნუ გავიბუტებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ და რა არის გამოსასწორებელი"

მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ და რა არის გამოსასწორებელი. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ, - ამის შესახებ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

"არ მიხარია და კიდევაც განვიცდი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. შევხვდი კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ეს ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ 4 პირს ეხება და მათ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ, როგორც აზუსტებს თავად ელჩი, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, მიუხედავად ამისა, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი. საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. ყველამ ვიცით და გვესმის, თუ რა უნდა გაკეთებულიყო სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, თუ რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა. ამიტომაც სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას. ასევე ვაცნობიერებთ​ სასამართლოს ​დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი და მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას. ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება. ვწუხვარ, რომ ქვეყანა ამ გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, მაშინ, როცა საქართველო თავისი ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას - კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ელოდება. ვშიშობ, აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს როგორც ნეგატიური სიგნალი. ამიტომ არც ნიშნის მოგების და გახარების დროა, არც თავის მართლების - ჩვენზეა ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯები. იქნება ეს სრული გამოძიება, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა, ან კიდევ არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა - რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგმება სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას და მის მიმართ ნდობას. ქვეყანა ამას ნამდვილად არ იმსახურებდა, როგორც იმას, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზი გახდეს. მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა დაუნდობლად გვითხრა სათქმელი, მაგრამ ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ რა მოხდა, რატომ და რა არის გამოსასწორებელი. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ და მიზანსაც მივაღწევთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

დღის გადაცემები