13.12.2024 | 02:42
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ნანა დევდარიანი: "რომ არა არასწორად დასმული პრიორიტეტები, დღევანდელი ხელისუფლება ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა"

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ნანა დევდარიანი ვენეციის კომისიისგან დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტსა და "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით მიღებულ დასკვნას ეხმაურება. მისი განცხადებით, ეს ყველაფერი იმ დანაშაულებრივი კოჰაბიტაციის ბრალია, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" ხალხს თავს მოახვია.

"ეს გრძელი ისტორიაა და ბოლო 11 წელია, ვითარდება. უკვე დამღლელიც კია იმაზე საუბარი, რომ ეს ყველაფერი არის შედეგი იმ დანაშაულებრივი კოჰაბიტაციისა, რომელიც თავზე მოგვახვიეს. რომ არა არასწორად დასმული პრიორიტეტები, დღევანდელი ხელისუფლება ამ მდგომარეობამდე არ მივიდოდა. მათი პრიორიტეტი აღმოჩნდა "პატრიოტთა ალიანსთან" ბრძოლა, იმის ნაცვლად, რომ ბრძოლა ნაცისტური ნარჩენებისთვის გამოეცხადებინათ. ხელისუფლების მხრიდან ძირითადი ბრძოლა იყო "პატრიოტთა ალიანსის" წინააღმდეგ. არც ერთი ჩვენი ინიციატივა გაზიარებული არ იქნა, მათ შორის, დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლების შესახებ, მისთვის სახელის დარქმევის შესახებ და კიდევ უამრავი სხვა რამ. ვერ ვხვდები, რატომ უკვირთ ევროკავშირის მხრიდან სასამართლო სისტემის კრიტიკა, როცა ამას შიგნით ვაკრიტიკებთ რამდენი წელია, მაგრამ შედეგი არ გვაქვს. ყველა გზავნილი მათი მხრიდან გვეუბნება - მიგიღებთ, მაგრამ ამ მთავრობის გარეშე. ჩვენ თითქმის ორი წელია ვამბობთ, რომ არის სურვილი გარკვეული წრეების მხრიდან დასავლეთში, რათა "ქართული ოცნება" ხელისუფლებას ჩამოაშორონ. ეს ყველაფერი რატომღაც "ოცნებამ" მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გააცნობიერა და მოძრაობა დაიწყო. გამოეყო რამდენიმე დეპუტატი, შემდეგ დაემატა, იქ საკრებულოებშიც მოხდა რაღაც გადათამაშება და "ხალხის ძალაში" გადავიდნენ "ქართული ოცნების" შემადგენლობიდან. ეს ყველაფერი იმდენად გამჭვირვალე პროცესია, რომ ამას არც საქართველოში და არც ევროკავშირში ასე იოლად არავინ დაიჯერებს. ამ ყველაფრის შედეგად მოხდა რადიკალიზაცია სრულიად მიუღებელი ფორმებით. თუ "ქართულ ოცნებას" ჰქონდა რაიმე პრობლემა, ამის დარეგულირების დიპლომატიური ხერხები არსებობს. ელჩთან კონსულტაციები, გასაუბრება, პრეტენზიების გამოთქმა და, ბოლოს და ბოლოს, პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, თუ ვიღაც ასეთი დამნაშავეა. არაფერი მსგავსი ხელისუფლებამ არ გააკეთა, პირიქით, დაიწყო წარმოუდგენელი, სრულიად არაადეკვატური კამპანია, რომელსაც არ შეიძლებოდა ასეთი შედეგები არ მოჰყოლოდა. ჩვენ, "პატრიოტთა ალიანსი" ნატოში საქართველოს გაწევრიანების ვერც პერსპექტივას და ვერც სარგებელს ვერ ვხედავთ, მაგრამ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქართველო უნდა იყოს ნეიტრალური ქვეყანა ევროინტეგრაციის კურსის შენარჩუნებით. ანუ, ევროკავშირისკენ ჩვენი სწრაფვა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დამდგარიყო", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.

დღის გადაცემები