13.12.2024 | 02:36
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
Die Welt: "რატომ იქნება დიდი შეცდომა უკრაინის სწრაფი მიღება ნატოში"

გერმანული გაზეთი „დი ველტი“ (Die Welt) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რატომ იქნება დიდი შეცდომა უკრაინის სწრაფი მიღება ნატოში“ (ავტორი - ქრისტოფ შლიტცი, პოლიტიკური მიმომხილველი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის დაჩქარებული მიღების თაობაზე - მხარი ნატოს წევრმა ათმა სახელმწიფომ დაუჭირა - აღმოსავლეთ ევროპიდან ბალკანეთამდე.

"უკრაინელი ხალხის სურვილი, რომელიც გმირულად იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ, გასაგებია, მაგრამ ამ ნაბიჯისათვის ძალიან ცუდი მომენტია შერჩეული. ვოლოდიმირ ზელენსკი ფრთხილად უნდა იყოს და ბოროტად არ უნდა ისარგებლოს დასავლეთის მზადყოფნით უკრაინისათვის მხარდასაჭერად", - აღნიშნავს ავტორი.

"რასაკვირველია, სწორია ის, რომ უკრაინის მეთაური დაბეჯითებით ითხოვს ტანკებს, რომლებიც ქვეყნის არმიას კონტრშეტევა განავითაროს და წარმატებით დაიბრუნოს რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ასევე სწორია ის, რომ პრეზიდენტი ევროკავშირისაგან ფინანსური მხარდაჭერას ელოდება, თუმცა ბრიუსელმა არ უნდა დაივიწყოს სხვა კრიზისული რეგიონებიც", - აღნიშნულია სტატიაში.

"მაგრამ დღეს უკრაინის დაჩქარებული მიღება ნატოში „ფუნდამენტური შეცდომა“ იქნებოდა, - ხაზგასმულია პუბლიკაციაში, - ასეთი ტურბოგაწევრიანების შედეგად ნატო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმული აღმოჩნდება, ალიანსის წესდების მე-5 მუხლის თანახმად. გარდა ამისა, ნატოში უკრაინის გაწევრიანება რუსეთის პრეზიდენტის ისეთ გაღიზიანებას გამოიწვევს, რომ იგი კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი პიროვნება გახდება, სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და მოულოდნელი არ უნდა იყოს, თუ ვლადიმერ პუტინი მასობრივი მოსპობის იარაღს - ბიოლოგიურ ორგანიზმებს ან ქიმიურ საბრძოლო ნივთიერებებს გამოიყენებს. უკრაინის ნატოში მიღებით რუსული ელიტა თავისი პრეზიდენტის კიდევ უფრო მტკიცე მომხრე იქნება".

"2008 წელს გერმანიის აწ უკვე ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის ასევე ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ უკრაინას და საქართველოს ნატოში მიღებაზე უარი განუცხადეს. „იმ დროს მათ შეცდომა დაუშვეს - სწორედ მაშინ უნდა მიეღოთ ორივე ქვეყანა ალიანსში. სამართლიანად აკრიტიკებდა ამერიკა და ნატოს სხვა წევრები საფრანგეთს და გერმანიას ასეთი გადაწყვეტილების გამო, მაგრამ გერმანულ-ფრანგული ტანდემი არავის რჩევებს არ ისმენდა და ვლადიმერ პუტინის მიმართ დიალოგის პოლიტიკას ატარებდა. არადა, რუსეთმა ჯერ კიდევ მაშინ აჩვენა თავისი უცერემონიო და მტაცებლური ბუნება, როცა საქართველოზე თავდასხმის შედეგად აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი" დაიკავა. მაგრამ დღეს ბერლინისა და პარიზის მიერ 2008 წელს ჩადენილი ისტორიული შეცდომა ვერ გაბათილდება უკრაინის ნატოში დაჩქარებული მიღებით (ვთქვათ, 2022 თუ 2023 წელს). პირიქით, უკვე ჩადენილს კიდევ ერთი შეცდომა დაემატება.

ნატოში უკრაინის მიღების საკითხის განხილვის დაწყება ამ მომენტში კიევს არაფრით არ აწყობს. უკრაინისთვის უახლოეს 5-8 წელიწადში ალიანსში მიღების იმედი არარეალისტური იქნებოდა. ამ საკითხის ნაცვლად კიევმა უმჯობესია იარაღი მოითხოვოს. უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა გააკრიტიკოს გერმანიის მშიშარა კანცლერი ოლაფ შოლცი, რომელიც ვაშინგტონის ზურგს უკან იმალება და უარს ამბობს კიევისათვის ტანკების მიცემაზე. საერთოდ კი, გერმანელებმა უფრო აქტიურად უნდა დაუჭირონ მხარი უკრაინას, რადგან მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა უკრაინელთა ტანჯვაზე მეორე მსოფლიო ომის წლებში.

უკრაინელ ჯარისკაცს ბრძოლის ველზე წარმატებების მისაღწევად იარაღი ჭირდება. სწორედ ომის შედეგებით გაირკვევა თუ რა პირობებით დაიდება შეთანხმება სავარაუდო პერსპექტიული მოლაპარაკების მაგიდაზე. თუ მოსკოვი ძლიერი დარჩება, მაშინ შეთანხმების პირობები მისი კარნახით დაიწერება. ასეთ შემთხვევაში უკრაინის ნატოში გაწევრიანება საერთოდ გამორიცხული იქნება", - ასკვნის სტატიის ავტორი.

წყარო 

დღის გადაცემები