28.12.2024 | 02:27
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
ჯო ბაიდენმა აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიაში პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საჭირო ხმები მოაგროვა

ჯო ბაიდენმა აშშ-ის ამომრჩეველთა კოლეგიაში პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საჭირო ხმები მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა უკვე შეძლო კოლეგიის 279 წევრის ხმის მობილიზება.

გადამწყვეტი მხარდაჭერა ბაიდენმა კალიფორნიის შტატიდან მიიღო, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ოფიციალურად 4 დეკემბერს დაამტკიცეს. შტატმა, სადაც ტრადიციულად დემოკრატები იმარჯვებენ, ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 55 ხმა მოუტანა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულს საარჩევნო კოლეგია ოფიციალურად 14 დეკემბერს დაამტკიცებს.

ფედერალური კანონმდებლობა კოლეგიის წევრებს არ ავალდებულებს ხმა მოქალაქეთა არჩევანს შეუსაბამონ, თუმცა 24 შტატში ეს ადგილობრივი კანონმდებლობით არის დარეგულირებული. თუ კოლეგიის წევრები ხმას მოქალაქეთა არჩევნის საწინააღმდეგოდ მისცემენ, მაშინ ეს ფიცის დარღვევად ჩაითვლება და მათ კანონით დასჯიან.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ ცერემონიალი პანდემიის გამო მასშტაბური არ იქნება და ძირითადად, ვირტუალურ ფორმატში ჩაივლის.

წინასწარი ინფორმაციით, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება და ამ დღეს 2024 წლის საარჩევნო კამპანიას გახსნილად გამოაცხადებს.

პარალელურად, ტრამპი კვლავ ამტკიცებს, რომ არჩევნები გაყალბდა. გასულ კვირას 46-წუთიან ონლაინმიმართვაში დონალდ ტრამპმა დემოკრატები საარჩევნო თაღლითობაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის იურისტთა ჯგუფმა არჩვენების შედეგების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთი სარჩელი ჯორჯიის შტატის სასამართლოში შეიტანა.

დღის გადაცემები