13.12.2024 | 02:33
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
საფრანგეთის და გერმანიის ელჩები: "კონფლიქტის დაწყებიდან ქართველებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოავლინეს, საქართველომ, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს"

კონფლიქტის დაწყებიდან ქართველებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოავლინეს, რასაც მოწმობს ყველა უკრაინული დროშა თბილისში. საქართველომ, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის ელჩის, შერაზ გასრის და გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის ერთობლივ მიმართვაში.

"ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობაში. ჩვენ ერთიანი ვართ ყველასთან, ვინც გმობს გაეროს წესდებაში დაფიქსირებული საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ დარღვევას და უარს ამბობს ძალის გამოყენებით საზღვრების შეცვლაზე. ჩვენი ერთიანობა მოიცავს ჩვენს პარტნიორებს ევროკავშირში, ჩვენს ნატოელ მოკავშირეებსა და გაეროს, რომლის გენერალურმა ასამბლეამ არაერთხელ და აბსოლუტური უმრავლესობით მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი, გაიყვანოს მთელი თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინიდან და პატივი სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენი ერთიანობა მოიცავს საქართველოს, რომელმაც ყველაზე მეტად იცის ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის მნიშვნელობა. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთისადმი მოწოდებას, სრულად შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. კონფლიქტის დაწყებიდან ქართველებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოავლინეს, რასაც მოწმობს ყველა უკრაინული დროშა თბილისში. საქართველომ, გერმანიამ და საფრანგეთმა უკრაინას მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნეს. ჩვენ მივესალმებით უკრაინის იმ მეზობელ სახელმწიფოებს, მათ შორის საქართველოს, რომლებმაც დიდი სოლიდარობა და ჰუმანურობა გამოავლინეს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული უკრაინელი ლტოლვილებისა და მესამე ქვეყნის მოქალაქეების მიღებისას. ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, უკრაინას უზრუნველვყოფთ არსებითი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით რუსეთის აგრესიის დაწყების დღიდან და ასე გავაგრძელებთ იმდენხანს, რამდენი ხანიც დასჭირება უკრაინას საკუთარი თავის დასაცავად", - ნათქვამია მიმართვაში.

დღის გადაცემები