13.12.2024 | 02:43
თანამგზავრი AzerSpace1: აღმ. გრძედის 46.0°E, პოლ.H, სიხშირე 11095 MHz (MPEG4)
დღის სიახლეები
"დრო უკრაინის მხარეს არ არის, პუტინი მარცხს არ განიხილავს" - კონდოლიზა რაისი და რობერტ გეითსი ერთობლივ წერილს აქვეყნებენ

"დრო უკრაინის მხარეს არ არის", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი და ყოფილი თავდაცვის მდივანი რობერტ გეითსი "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში წერენ.

აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების თქმით, რაც შეეხება უკრაინის ომს, ერთადერთი, რაც ახლა გარკვეულია, არის ის, რომ ბრძოლა და ნგრევა გაგრძელდება.

"ვლადიმერ პუტინს კვლავ სურს მთელი უკრაინა დააბრუნოს რუსეთის კონტროლქვეშ, ან - თუ ეს ვერ მოხერხდა - გაანადგუროს იგი. პუტინი მიიჩნევს, რომ მისი ისტორიული ბედისწერა და მესიანური მისია არის რუსეთის იმპერიის აღდგენა, ხოლო როგორც წლების წინ ზბიგნევ ბჟეზინსკიმ თქვა, რუსეთის იმპერია უკრაინის გარეშე ვერ იარსებებს", - წერენ სტატიაში მაღალჩინოსნები. 

მათი თქმით, პუტინს ჯერ კიდევ  სჯერა, რომ დრო მის მხარესაა.

"ორივე ჩვენგანს არაერთხელ გვქონდა შეხება პუტინთან და დარწმუნებულები ვართ, რომ მას სჯერა, რომ დრო მის მხარესაა და მას შეუძლია, გამოფიტოს უკრაინელები და რომ შეერთებული შტატებისა და ევროპის ერთიანობა, საბოლოო ჯამში, დაიშლება", - ნათქვამია სტატიაში. 

მათი თქმით, რუსეთის ეკონომიკა ომის გაგრძელებით მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს, თუმცა რუსებს უფრო მეტიც გადაუტანიათ.

"პუტინი მარცხს არ განიხილავს. მას არ შეუძლია, დაუთმოს უკრაინას ოთხი ოლქი, რომელიც რუსეთის ნაწილად გამოაცხადა. თუ ის წელს სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწევს, მან უნდა შეინარჩუნოს კონტროლი პოზიციებზე უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთით, რომლებიც მოგვიანებით იქცევიან რუსეთის პლაცდარმად შეტევის განახლებისთვის, რათა დაისაკუთროს უკრაინის შავი ზღვის დარჩენილი სანაპირო, გააკონტროლოს მთელი დონბასი და შემდეგ წაიწიოს დასავლეთით", - წერს აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პენტაგონის ყოფილი მეთაური.

მათივე თქმით, ომის შედეგად, უკრაინა როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკური კუთხით დასავლეთზე, კერძოდ კი, ამერიკის შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.

"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პასუხი შეჭრაზე გმირული იყო და მისმა სამხედროებმა ბრწყინვალედ იმოქმედეს, ქვეყნის ეკონომიკა დაზიანებულია, ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი გაიქცა, მისი ინფრასტრუქტურა განადგურებულია და მისი სიმდიდრის დიდი ნაწილი, სამრეწველო სიმძლავრე და მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო მიწა რუსეთის კონტროლის ქვეშაა. უკრაინის სამხედრო შესაძლებლობები და ეკონომიკა ახლა თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული დასავლეთზე.

ფრონტის ხაზზე უკრაინელების მორიგი მნიშვნელოვანი წინსვლის გარეშე, დასავლეთის ზეწოლა უკრაინაზე, რათა სამშვიდობო ზავი გაფორმდეს, დროთა განმავლობაში გაიზრდება. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი სამშვიდობო ზავი რუსეთის პოზიციებს გააძლიერებს, რათა მათ შეჭრა განაახლონ, როდესაც მზად იქნებიან. ეს კი მიუღებელია", - ნათქვამია სტატიაში.

აშშ-ის მაღალჩინოსნების განცხადებით, ასეთი სცენარის თავიდან აცილების ერთადერთი გზა არის ის, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას სამხედრო მარაგები.

"სამხედრო დახმარების გაზრდა საკმარისია რუსეთის განახლებული შეტევის შესაჩერებლად და ეს საშუალებას მისცემს უკრაინას უკან დაახევინოს რუსულ ძალებს აღმოსავლეთში და სამხრეთში.

კონგრესმა გამოყო საკმარისი თანხა ასეთი გაძლიერებისთვის. ახლა საჭიროა აშშ-ისა და მისი მოკავშირეების გადაწყვეტილება, რათა უკრაინას საჭირო სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდონ, უპირველეს ყოვლისა კი, მობილური ჯავშანტექნიკა.

აშშ-ის თანხმობა "ბრედლის" ტიპის საბრძოლო მანქანების მიწოდების შესახებ,დასაფასებელია, თუმცა დაგვიანებულია. იმის გამო, რომ ამერიკული "აბრამსის" ტანკების მიწოდებაში სერიოზული ლოგისტიკური პრობლემებია, ეს დანაკლისი გერმანიამ და სხვა მოკავშირეებმა უნდა შეავსონ.

ნატოს წევრებმა, ასევე, უნდა მიაწოდონ უკრაინელებს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, თანამედროვე დრონები, საბრძოლო მასალა, დაზვერვისა და თვალთვალის დამატებითი საშუალებები და სხვა აღჭურვილობა. ეს უკრაინას რამდენიმე კვირაში სჭირდება და არა თვეში.

უფრო და უფრო ხშირად, კონგრესის წევრები და სხვები ჩვენს საჯარო დისკურსში სვამენ კითხვას: "რატომ უნდა ვიზრუნოთ? ეს არ არის ჩვენი ბრძოლა", მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ისწავლა რთული გზა - 1914, 1941 და 2001 წლებში, რომ არაპროვოცირებული აგრესია და თავდასხმები კანონის უზენაესობასა და საერთაშორისო წესრიგზე არ შეიძლება იგნორირებული იყოს. საბოლოოდ, ჩვენს უსაფრთხოებას საფრთხე დაემუქრა და კონფლიქტში შეგვიყვანს.

უმჯობესია, პუტინი ახლა გააჩერო, სანამ უფრო მეტს მოითხოვენ შეერთებული შტატებისა და მთლიანად ნატოსგან. ჩვენ გვყავს შემართებით აღსავსე პარტნიორი უკრაინაში, რომელიც მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ომის შედეგებზე, რათა ეს ჩვენ არ მოგვიწიოს სამომავლოდ.

ჩვენ ვეთანხმებით ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციას, რომ რუსეთთან პირდაპირი კონფრონტაცია აცილებული უნდა იყოს. თუმცა, გათამამებულმა პუტინმა ასეთი შანსი, შესაძლოა, არც მოგვცეს.

რუსეთთან კონფრონტაციის ასაცილებლად მომავალში, აუცილებელია უკრაინის მხარდაჭერა დღეს, რომ მათ ოკუპანტებს წინააღმდეგობა გაუწიონ. ეს არის ისტორიის გაკვეთილი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ, და ეს მოითხოვს გადაუდებელ ქმედებებს - ვიდრე ძალიან გვიან არ იქნება", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

დღის გადაცემები